English / ქართული / русский /
ლია თოთლაძეგივი ვეშაპელი
ციფრული ტრანსფორმაციის შრომასა და შრომის ბაზარზე გავლენის საკითხისათვის

ანოტაცია. ოცდამეერთე საუკუნის გლობალური ეკონომიკა ინოვაციების, ტექნოლოგიების, პროდუქტიულობის, ახალი ცოდნისა და უნარების ეპოქა გახდა, რომელიც ორიენტირებულია მდგრად და ინკლუზიურ ზრდაზე. ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად კი მუდმივად ვითარდება და იცვლება შრომის ბაზარი. ტექნოლოგიური ცვლილებები გავლენას ახდენს სამუშაო ძალის მოთხოვნასა და მიწოდებაზე, აქედან გამომდინარე მას დიდი გავლენა აქვს ადამიანებზე, ბიზნესზე, დასაქმებაზე, ხელფასზე.

ნაშრომში გადმოცემულია ტექნოლოგიურ განვითარებასა და შრომის ბაზარს შორის დამოკიდებულები, აგრეთვეგანხილულია, რობოტებით ადამიანების ჩანაცვლების თანამედროვე ტენდენციები. 

* * *

ოცდამეერთე საუკუნის გლობალური ეკონომიკა ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს თითოეული ქვეყნის ეკონომიკური განვითარებას. ტექნოლოგიების გავლენით გამოწვეული ცვლილებები აისახება ყველა სფეროზე, ეკონომიკის რეალურ სექტორზე, განათლებაზე, შრომის ბაზარზე.

ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის ციფრული ბაზრების ჰარმონიზება თანამშრომლობის ერთ-ერთ პრიორიტეტად განისაზღვრა. ევროკავშირის მიერ ინიცირებული „EU4Digital: ციფრული ეკონომიკის და საზოგადოების მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“  მხარს უჭერს ციფრული ეკონომიკის და საზოგადოების ძირითად სფეროებს ევროკავშირის ნორმების და პრაქტიკის შესაბამისად. ციფრული პროცესების გავლენით მნიშვნელოვნად იცვალება ცხოვრების ყველა ასპექტი და ეკოსისტემის პლატფორმა.

აღსანიშნავია, რომ რამდენადაც მაღალია ქვეყნის ციფრული მზადყოფნა, მით უფრო სწრაფად ხდება ციფრული ეკონომიკის ფორმირება.  კორონავირუსის პანდემიამ სერიოზული დარტყმა მიაყენა მსოფლიო (და რა თქმა უნდა საქართველოს) ეკონომიკას, ამავდროულად მნიშვნელოვანი ბიძგი გახდა ციფრული ეკონომიკისთვის.  ამ დროს კი როდესაც მთელი მსოფლიო უპრეცედენტო ეკონომიკური გამოწვევების წინაშეა და ეძებს არასტანდარტულ, გზებს ეკონომიკის მოდიფიცირებისთვის, გადამწყვეტი როლი ენიჭება მთელი ეკონომიკური სექტორის  გაციფრულებას.

ციფრული ტრანსფორმაციის ერთ-ერთ გამოხატულებად შეგვიძლია განვიხილოთ შრომის ავტომატიზაცია და შესაბამისად შრომის ბაზრის ტრუქტურისა და დინამიკის შეცვლა. აღსანიშნავია, რომ ზოგადად, შრომის ავტომატიზაციას, თავისთავად  აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი ზეგავლენა ბაზარზე. შრომის ავტომატიზაციაში ჩვენ ვგულისხმობთ ტექნოლოგიების დანერგვის პრაქტიკას, ადამიანური რესურსების ჩანაცვლების ხარჯზე, გარკვეული სამუშაოების შესასრულებლად. შრომის ავტომატიზაციაში, ხშირად მოიაზრებენ ხოლმე ხელოვნური ინტელექტსა და მანქანურ სწავლებას.

ნახაზი #1-ზე წარმოდგენილია გაერთიანებული ერების მიერ 2015 წელს შემუშავებულ მდგარი განვითარების მიზნები 2030 წლისათვის, თუმცა უნდა აღინიშნოს რომ, გარკვეული პერიოდის შემდგომ ამ მიზნების  ამ კონკრეტული  თარიღისათვის მიღწევა შეუძლებლად მიიჩნიეს (გაეროს მიერვე).  მიზნებს შორის განსაკუთრებული ადგილი აქვს ინოვაციური სექტორს. გაეროს მიერ დასახული მიზნების მიღწევის  რეალისტურობისა და რეალიზაციის შესაძლებლებლობას ეძღვნება აშშ წამყვანი საინვესტიციო კომპანიის ARK Invest ის მიერ გამოქვეყნებული კვლევაც „Is Innovation the Key to Accelerating Progress toward the United Nations’ Sustainable Development Goals?“ [1], რომელშიც გაანალიზებულია გაეროს მიერ განსაზღვრული მიზნები და ტექნოლოგიების როლი ამ მიზნების მიღწევაში. ამ კვლევაში  კარგადაა ასახული თუ რა დადებითი გავლენა აქვს ტექნოლოგიურ განვითარებას (ზოგადად უნდა აღინიშნოს რომ რომ საინვესტიციო კომპანიის ARK Invest-ის კვლევითი ცენტრის  კვლევები ორიენტირებული არიან ინოვაციურ ტექნოლოგიებზე). 

ნახაზი #1

 

წყარო:  https://ark-invest.com

 

ARK invest-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით (რომელიც ეყრდნობა 5 ინოვაციურ სექტორს), ზემოთაღნიშნული 17 მიზნის მიღწევა  სავსებით შესაძლებელია.  

დღეისათვის, გარკვეულ სექტორებში, რობოტებმა უკვე ჩაანაცვლეს ან ანაცვლებენ ადამიანებს. მაგ: Autonomous mobility - ჩაანაცვლებს მიტანის სერვისში დასაქმებულ ადამიანებს, ასევე, ტაქსისტებს. უფრო რომ განვავრცოთ, თვითმავალი ავტომობილების დანერგვით აღარ იქნება მძღოლების დაქირავების საჭიროება, მიტანის სერვისი კი დრონების საშუალებით  განხორციელდება, ეს უკანასკნელი უფრო და უფრო პოპულარული ხდება. 3D Printing - ჩაანაცვლებს ადამიანებს, რომლებიც სამშენებლო ადგილებში მუშაობენ, უმეტესწილად დაბალკვალიფიციურ სამუშაოებზე (ყოველწლიურად ამერიკაში 150 000 ათასი მშრომელი ზიანდება და საშუალოდ 1000 იღუპება სამშენებლო ადგილებში. ლოგიკურია კომპანიებისთვის უფრო სარგებლიანი იქნება 3D პრინტერებმა ჩაანაცვლონ ადამიანები, რაც უფრო უსაფრთხო და მომგებიანი იქნება, დამატებული ამას ეს ტექნოლოგიები მუდმივად ვითარდებიან და ნელ-ნელა ხშირდება მათი პრაქტიკაში გამოყენება, მაგ: ჰოლანდიაში უკვე ააშენეს სახლი 3D პრინტერის საშუალებით, სადაც უკვე შეიძლება ცხოვრება). მოცემული ტექნოლოგიებიდან, ვფიქრობთ, ყველაზე საინტერესოა ბლოკჩეინ ტექნოლოგიები და ციფრული საფულეებია, ეს უკანასკნელნი დიდ საფრთხეს წარმოადგენენ ფინანსური ინსტიტუტებისთვის, ამაზე უკვე მრავალი მეცნიერი წერს. თუმცა, ამავდროულად, უნდა აღინიშნოს, რომ ციფრული საფულეების განვითარება უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯია, ვინაიდან:

ციფრული საფულეების განვითარება ხდება ბანკების მომხმარებლების ხარჯზე, ანუ უფრო მეტი და მეტი ადამიანი (აღსანიშნავია, რომ უფრო ახალგაზრდებში არის ციფრული საფულეები პოპულარული) სცილდება ტრადიციულ ფინანსურ ინსტიტუტებს და იყენებს ციფრულ საფულეებს.  კომპანიის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით ციფრული საფულეების ზრდის ტენდენცია 2008 წლის შემდგომ პერიოდში გამოკვეთილია და კარგად ჩანს გრაფიკულ გამოსახულებზე (ნახ.#2). 

ნახაზი #2

 

წყარო:  https://ark-invest.com 

ბანკებს გარდა, ციფრული საფულეების საშუალებით თანხის გადახდა მარტივდება, რაც გამოიწვევს სუპერმარკეტებში და სხვა სერვის სექტორში, ადამიანური პერსონალის დასაქმების საჭიროების კლებას (მაგ: Amazon Go - ამაზონის სუპერმარკეტის ქსელი მომსახურე პერსონალის გარეშე )

შრომის ავტომატიზაციის აშკარა ტენდენციაზე მეტყველებს რიგ სექტორებში რობოტიკაზე გაწეული დანახარჯების მზარდი დინამიკაც. თუ 200 წელს მთლიანი დანახარჯები შეადგენდა 7,4 მლრდ. აშშ დოლარს, 2020 წლისათვის ამ დანახარჯებმა 42,9 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა (ნახ.#3) 

ნახაზი #3

დანახარჯები რობოტიკაზე მსოფლიოში 

 

წყარო:  https://data.worldbank.org 

როგორც ზემოთაღნიშნულ გრაფიკულ გამოსახულებაზე ვხედავთ, დანახარჯები რობოტიკაზე იზრდება და სავარაუდოდ მომავალშიც გააგრძელებს ზრდას. ეს კი იმაზე მეტყველებს რომ კომპანიები ცდილობენ განავითარონ ცოდნა ხელოვნური ინტელექტსა და რობოტიკაში, რათა ამ ტექნოლოგიური ინოვაციებით მიაღწიონ შემდეგს:

1)    შეამცირონ ხარჯები;

2)    გაზარდონ მოგება;

3)    შექმნან ახალი ბიზნეს მოდელები;

4)    შემოგვთავაზონ ახალი პროდუქტი/სერვისი.

 ცხადია ეს მიზნები აუცილებელია კომპანიის განვითარებისთვის, რომელიც იგულისხმება ადამიანური შრომის ჩანაცვლებაც. ზემოთაღნიშნული  ადასტურებს მაღალკვალიფიციური ადამიანური შრომის რობოტულით ჩანაცვლების რეალურ სურათს, ხოლო რაც შეეხება დაბალკვალიფიციურ  სამუშაო ადგილებს, ამ შემთხვევაშიც იგივე შეიძლება ითქვას (თუმცა ამ შემთხვევაში არ ჩანს ცალსახაც შრომის ჩანაცვლება, არამედ უფრო ადამიანური და რობოტური შრომის შერწყმა). მაგალითად, ამაზონის საწყობებში დასაქმებულია 100,000 რობოტი და მათი რიცხვი უფროდაუფრო იზრდება, რაც ამ კომპანიის განვითარების ერთ-ერთი წინაპირობაა, თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ საწყობებში ადამიანებიც არიან დასაქმებული და დაბალკვალიფიციურ სამუშაოს ასრულებენ. აქაც კარგად ჩანს, რომ შრომის ავტომატიზაციასთან ერთად, რომელიც რასაკვირველია დროთა განმავლობაში დაჩქარდება.

ციფრული ტექნოლოგიების უფრო აქტიურად გამოყენების, ტექნოლოგიური ცვლილებების აქსელერატორის როლი შეასრულა პანდემიამაც.  სულ უფრო მოთხოვნადი ხდება ციფრული სერვისები (და შესაბამისად გაიზარდა მოთხოვნა დისტანციურად მომუშავე პროფესიონალებზე), რეალურ საწარმოო პროცესებში კი ავტომატიზაციის ხარისხი სულ უფრო მეტად იზრდება.

ამრიგად, დასკვნის სახით შეიძლება ითქვას,  რომ ტექნოლოგიური განვითარება შეუქცევადი პროცესია, ეს უკანასკნელი კი თავის თავში მოიცავს შრომის ავტომატიზაციას, უფრო და უფრო მეტი რობოტის დანერგვას.  ეს კი შრომის ავტომატიზაციის წინაპირობას წარმოადგენს. და ცხადია ინოვაციურ სექტორის გაფართოებით და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვით ადამიანებისთვის სამუშაოს დაკარგვის საფრთხე რეალურია.

გამოყენებული ლიტერატურა: 

  1. Big Ideas Report 2021. Research Paper of ARK Investment Management, Available at: https://ark-invest.com/big-ideas-2021/;
  2. Goos, M., Arntz, M., Zierahn, U., Gregory, T., Carretero Gómez, S., González Vázquez, I., Jonkers, K., The Impact of Technological Innovation on the Future of Work, European Commission, Seville, 2019, JRC117212;
  3. Vivarelli, M. Innovation and employment. IZA World of Labor 2015: 154 doi: 10.15185/izawol.154;
  4. https://www.businessmodelsinc.com
  5. https://data.worldbank.org